Safe Space Tbilisi

პარტნიორები


ტყე, რომელიც ტყე აღარ არის ბეჭდვა ელფოსტა

რატომ ამორიცხეს  თბილისის გარშემო ტყეებიდან  8106 ჰა. ტყე ტყის ფონდიდან?
"ტყე იყო აღიარებული და ახლაცაა აღიარებული სასიცოცხლო მოვლენად. ტყის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იქნება: ეს ცოტა მხატვრული ნათქვამია, მაგრამ კარგადაა ნათქვამი. ერთი ასეთი გამოთქმა ეკუთვნის ეგზიუპერს:  წყლის გარეშე არ არის სიცოცხლე, ხოლო წყალი, არ არის ტყის გარეშე. იმისათვის, რომ  წყალი იყოს გამოყენებადი და არა დამანგრეველი, ამის მარეგულირებელი მხოლოდ და მხოლოდ ტყეა. რომ არაფერი ვთქვათ, ტყის  იმ მნიშვნელობაზე, რომ ის ნახშირბადის აკუმლიატორია, რომ  დიდი რაოდენობით ნახშიროჟანგს შთანთქავს და  ჟანგბადს გამოყოფს. რაც უფრო განვითარდა მრეწველობა, რაც უფრო ურბანული გახდა ჩვენი ცხოვრება, ნახშიროჟანგის გამოყოფა გაცილებით ჭარბობს  იმ ენერგიას, რაც გააჩნია ტყეებს. ნებისმიერი დასახლებული პუნქტისთვის აუცილებელია, რომ იქ არსებობდეს მწვანე საფარი. მწვანე საფარიდან კი ყველაზე მაღალი ეფექტის მომცემი ტყეა.“ –  გვესაუბრება  გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს მთავარი მეტყევე ლერი ჭოჭუა.  თავის დროზე, თბილისის გარშემო ტყეების გაშენება სწორედ ამ მნიშვნელობის გააზრების შედეგად დაიწყო.
ადრე თბილისის ტერიტორია, რომ ტყით იყო დაფარული, ამის დასტურად თბილისის დაარსების შესახებ ლეგენდაც საკმარისია: ყველამ კარგად ვიცით ისტორია ვახტანგ გორგასლის ნადირობის შესახებ, რომელიც ცხელი, გოგირდოვანი წყლის აღმოჩენისა და აქ ქალაქის გაშენების იდეით დასრულდა. გორგასლის იდეას, საბოლოოდ, მისმა შვილმა, რატიმ შეასხა ხორცი და ახალი სატახტო ქალაქი – თბილისი გაჩნდა.  ლერი ჭოჭუა:  „რაც ადამიანმა აზროვნება დაიწყო, ის ტყეში ყოველთვის  გამოსაყენებელ რესურსს ხედავდა: იქნებოდა ეს თავშესაფარი, საკვების მოპოვების ადგილი, სამკურნალო მცენარეების მოპოვების ადგილი, როგორც სათბობი თუ სამშენებლო მასალა. საუკუნეების განმავლობაში გათბობის ერთადერთი საშუალება  შეშა იყო. გარდა ამისა,  ჩვენი ტყეები და, მითუმეტეს,  თბილისის მიდამოების ტყეები,  იმ უთვალავი თავდასხმებისაგან განადგურდა, რაც ჩვენ წელთაღრიცხვამდე პერიოდიდან დაიწყო. არაბები, სპარსელები, მონღოლები, სელჩუკები   საქართველოს მუდმივად ესხმოდნენ თავს.  დამპყრობელმა კარგად იცოდა, რომ ტყე ქართველთათვის თავშესაფარიც იყო და რესურსიც, ამიტომ, პირველ რიგში,  ტყეების გადაწვას და განადგურებას ცდილობდა. ქართველი კაცი   ტყის მნიშვნელობას თავიდანვე აცნობიერებდა, ამიტომაც,   თამარ მეფის დროს, ტყისა და სამონადირეო სავარგულების შესახებ კანონებიც არსებობდა. არსებობდა ასეთი თანამდებობა: ტყის მცველი და ტყისმცველთუხუცესი. ისეთი თანამდებობის გვერდით, როგორიცაა მწიგნობართუხუცესი, რომელიც დღევანდელ განათლების მინისტრს ნიშნავდა, არსებობდა  ტყისმცველთუხუცესის სტატუსი, ანუ ტყისა და სავარგულების დაცვის საკითხი მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იმის შემდეგ, კანონმდებლობა ამ მხრივ უფრო განვითარდა   და ვახტანგ VI-ს კანონებში ყველგან არის მითითებები ტყისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევისა და ტყის დაცვის შესახებ“.
ამ და სხვა  ფაქტორების შედეგად,  მალე თბილისის ტყიანი ფერდობებისგან აღარაფერი დარჩა. 1891 წლისათვის თბილისის  მიდამოებში  ისეთი საგანგაშო სიტუაცია შექმნილა, რამაც მეფის რუსეთის მთავრობის ყურადღებაც კი მიიქცია: „ 1889 წელს რუსეთის მიწათმოქმედების მინისტრი ამიერკავკასიაში მოგზაურობის დროს დარწმუნდა იმაში, რომ სელური ნაკადები ყოველწლიურად ემუქრება მოსახლეობას, აბრკოლებს მიმოსვლას, ანადგურებს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს და სხვა“ – ვკითხულობთ „ სატყეო სამინისტროს თბილისის სატყეო მეურნეობის მართვის გეგმის“ (1975წ)  ერთერთ თავში. აქვე ვკითხულობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მიწათმოქმედების მინისტრის დავალებით, ამიერკავკასიაში  საცდელი სატყეო მეურნეობა  დაარსებულა, რომლის ადგილადაც თბილისის მახლობლად, თელეთის მთის ფერდობები იქნა ამორჩეული. 1891 წელს  თბილისის სატყეო მეურნეობა შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელადაც ვ.ი. ლისნევსკი დაუნიშნავთ. საბოლოოდ, ლისნევსკის ხელმძღვანელობით, 1891 წლიდან 1914 წლამდე 150 ჰექტარი ტყე გაუშენებიათ.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ თბილისის გარშემო ფერდობების გატყევებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. 1922 წლიდან პროფესორ ი.ი. როსჩინის მეთაურობით შემუშავდა ტყის გაშენების ღონისძიებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა  მთაწმინდაზე, სოფ. ოქროყანიდან კუს ტბამდე, ხოლო მარცხნივ – ხუდადოვის ტყიდან მახათის მთამდე არსებული  ტერიტორიებიდან 1000 ჰექტარი ტყეების გაშენებას. თბილისის  განსაკუთრებულად მშრალი კლიმატის გამო, ტყეების გაშენება სხვადასხვაგვარ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ამ სიძნელეების შესახებ  1980 წელს გამოცემულ მომცრო ბროშურაში „ტყე უბრუნდება თბილისს“, რომელიც მაღალფარდოვნად მოგვითხრობს თბილისის მიდამოებში ხელოვნურად გაშენებული ტყეების შესახებ,  ვკითხულობთ: „ ...თუ გსურთ ყველაზე დიდი საოცრება იხილოთ... კრწანისის ფერდობებს უნდა ეწვიოთ. ღრმა ხევები და უფსკრულები, ციცაბო კლდეები მიუვალს ხდიდა აქაურობას. ... და დაიწყო გაუგონარი რამ: – მეტყევეებმა ციცაბო ხეობებით დასერილ, ადამიანისთვის ჯერ გაუკვალავ ქანობზე გზების გაყვანას მოჰკიდეს ხელი. ირგვლივ ისმოდა გრგვინვა და ბათქი, მთელ დღეს ჰქუხდა მიდამო. ქვისა და მტვრის „ჭავლი“ მაღლა ძალუმად იტყორცნებოდა.  ... პირველი კილომეტრი გზაც მალე გაიჭრა. ახლა ქვაში ღრმულს, მცენარისთვის ორმოებს აფეთქებდნენ მეტყევეები. შემდეგ შემოზიდული მიწით ავსებდნენ და მომავალი ტყის ბინადართ აფუძნებდნენ. ასე გაიყვანეს კრწანისის კლდოვან ფერდობებზე 6 კილომეტრი სამანქანო გზა, ასე აღმოცენდა 150 ჰექტარი ზურმუხტისფერი.“ ამავე ბროშურიდან ვიგებთ, რომ თბილისის შემოგარენი ტყეების გაშენებაში დიდი წვლილი შეიტანეს მოხალისეებმა, რომელიც სხვადასხვა რეგიონიდან სწორედ ამ მიზნით ჩამოდიოდნენ. ეწყობოდა შაბათობები, მოჰყავდათ სკოლიდან მოსწავლეები, მოდიოდნენ სტუდენტები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ ტყის გაშენების პროცესში მონაწილეობას.
თბილისის კლიმატის შესაბამისად, შეირჩა ხის ჯიშები, რომლებიც მშრალ კლიმატთან ადაპტირებას შეძლებდნენ.  ლერი ჭოჭუა: „თბილისის შემოგარენში არის თხელი  და შედარებით უნაყოფო ნიადაგები, რაც, უბრალოდ, გეოგრაფიული მდებარეობით და კლიმატური პირობებითაა გამოწვეული. თბილისის ნაწილი  ნახევრადუდაბნოს ზონაშია მოქცეული –  400–600 მეტრამდე ზღვის დონიდან. ეს ტერიტორიები ნახევრადუდაბნოს ზონაა, სადაც ბუნებრივად, მორწყვის გარეშე, მხოლოდ  სიმშრალის ამტანი და ნაკლები ბიომასის მქონე მცენარეები ხარობს. რაც უფრო მაღლა ავდივართ, ეს იცვლება და იქ ვხვდებით   მუხის, რცხილის, და სხვა სახეობების ტყეებს. ხელოვნურად გაშენებულ ტყეებში ირგვებოდა, ძირითადად,  ფიჭვი, კედარი და კვიპაროსი. კედარის ორი სახეობა: ლიბანის და ჰიმალაის კედრები, ხოლო კვიპაროსი: ჰორიზონტალური და ვერტიკალური.  არ ვართ წყლით ისე მდიდარი, რომ ამხელა ტერიტორიები მოვრწყათ და, ამიტომაც, ძირითადად, წიწვოვნები გაშენდა, რომლებიც ამ კლიმატს გაუძლებდა. წიწვოვნები ამ სიმშრალეს იტანენ. განსაკუთრებით,  ფიჭვის სახეობაა ასეთი: ელდარის ფიჭვი, რომელიც უდაბნოსა და ასეთ მშრალ ადგილებში ხარობს.“
საბჭოთა მმართველობისას  თბილისის შემოგარენის გამწვანებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე 1949 წლიდან მიიღო. 1947–1964 წლებში თბილისის შემოგარენში გაშენდა 4093 ჰექტარი ხელოვნური ტყე. 2007–2014 წლებში კი,  კანონმდებლობაში გატარებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგად, თბილისის გარშემო გაშენებული ტყეებიდან ტყის სტატუსი მხოლოდ 400 ჰა.–ს შეუნარჩუნდა.  გადავხედოთ ამ ტერიტორიების  ბოლო ათწლეულის ისტორიას:
2000 წლის 1 დეკემბერს მიღებული კანონით(„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ ) თბილისის ტერიტორიებზე არსებული მწვანე საფარი განსაკუთრებულად იყო დაცული და იკრძალებოდა: თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა; ყოველგვარი მშენებლობა და  ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა.
მთავრობის 2007 წლის დადგენილებით, სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვა  გახდა შესაძლებელი. ამ  დადგენილებით (N96 2007 წლის 10 მაისი ქ. თბილისი “სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ მინისტრი ზ. ნოღაიდელი) დამტკიცდა , რომ  სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან ჩარიცხვის შესახებ საკითხის აღძვრა შეეძლო: სახელმწიფო ორგანოს; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც უნდა მიემართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის  და წარედგინა  დასაბუთებული წინადადება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან მოთხოვნილი ფართობის ამორიცხვის ან ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ.
ამის შემდეგ, 2007 წლის 18 დეკემბრის კანონით (რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე), ცვლილება შევიდა 2000 წლის 1 დეკემბრის საქართველოს კანონში „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“. ცვლილების შედეგად, „სახელმწიფო ტყის  ფონდიდან მიწების ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.“

საბჭოთა მმართველობისას  თბილისის შემოგარენის გამწვანებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე 1949 წლიდან მიიღო. 1947–1964 წლებში თბილისის შემოგარენში გაშენდა 4093 ჰექტარი ხელოვნური ტყე. 2007–2014 წლებში კი,  კანონმდებლობაში გატარებული სხვადასხვა ცვლილებების შედეგად, თბილისის გარშემო გაშენებული ტყეებიდან ტყის სტატუსი მხოლოდ 400 ჰა.–ს შეუნარჩუნდა.  გადავხედოთ ამ ტერიტორიების  ბოლო ათწლეულის ისტორიას: 2000 წლის 1 დეკემბერს მიღებული კანონით(„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ ) თბილისის ტერიტორიებზე არსებული მწვანე საფარი განსაკუთრებულად იყო დაცული და იკრძალებოდა: თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყისა და სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების პრივატიზაცია, მათთვის კატეგორიის შეცვლა და მათი იჯარით გაცემა; ყოველგვარი მშენებლობა და  ხის ჭრა სამასალე მერქნის მიღების მიზნით, გარდა ხმელი, ხმობადი და ფუტურო საშეშე მერქნისა.მთავრობის 2007 წლის დადგენილებით, სახელმწიფო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვა  გახდა შესაძლებელი. ამ  დადგენილებით (N96 2007 წლის 10 მაისი ქ. თბილისი “სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ მინისტრი ზ. ნოღაიდელი) დამტკიცდა , რომ  სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვის ან ჩარიცხვის შესახებ საკითხის აღძვრა შეეძლო: სახელმწიფო ორგანოს; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც უნდა მიემართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთვის  და წარედგინა  დასაბუთებული წინადადება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან მოთხოვნილი ფართობის ამორიცხვის ან ჩარიცხვის აუცილებლობის შესახებ.ამის შემდეგ, 2007 წლის 18 დეკემბრის კანონით (რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე), ცვლილება შევიდა 2000 წლის 1 დეკემბრის საქართველოს კანონში „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“. ცვლილების შედეგად, „სახელმწიფო ტყის  ფონდიდან მიწების ამორიცხვა და მათთვის კატეგორიის შეცვლა დაიშვება მხოლოდ საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს მწვანე ნარგავების განადგურებას, ან თუ სახელმწიფო ტყის ფონდიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების ამორიცხვა განპირობებულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებით.“
საკანონმდებლო ცვლილებების „ბოლო აკორდი“   2010 წლის 20 აგვისტოს საქართველოს მთავრობის განკარგულება იყო, რომლითაც  წლების მანძილზე ხელოვნურად გაშენებული  8106 ჰექტარი   ტყე სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხა. მაშინ, თბილისის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნიდა: მამუკა ახვლედიანი, თბილისის ვიცე მერი (2010 წლის 26 აგვისტო, ტელეკომპანია რუსთავი2 ):  ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტყეებს მივანიჭოთ განსაკუთრებული რეგულაციების სტატუსი. განსაკუთრებული რეგულაციის სტატუსს ჰქვია ლანდშაფტურ–რეკრეაციული ზონა, რომელიც, თავის მხრივ, მკაცრი დაცვის ზონაა. სადაც აკრძალულია, აბსოლიტურად, ყოველგვარი მშენებლობა, სადაც აკრძალულია ხის მოჭრა, ტყის გაჩეხვა, იჯარით გაცემა, გასხვისება, გაყიდვა და ასე შემდეგ...“  
გიგი უგულავა, თბილისის  მერი (2010 წლის 26 აგვისტო, ტელეკომპანია რუსთავი 2):“ჩვენი პოზიცია იყო და კარგია, რომ ცენტრალურმა მთავრობამ გაითვალისწინა, რომ ჩვენც ჩავერთოთ მის (ამ ტყეების) მეურვეობაში. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ თვალსაზრისით. ბუნებრივია, ჩვენ მჭიდრო კოოპერაციაში უნდა ვიყოთ გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტთან, მაგრამ ჩვენც უნდა შევქმნათ ზედამხედველობაში და, ასევე, ეკოლოგიის სამსახურში, შესაბამისი ჯგუფები, დანაყოფი, რომელიც ერთის მხრივ, იმუშავებს იმაზე, რომ არ მოხდეს უკანონო გაჩეხვა, მიტაცება, შემოღობვა და ასე შემდეგ, რაც სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გვაქვს და, მეორეს მხრივ, უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე. ამისი რეალური და იურიდიული ბერკეტი  ჩვენ გვექნება. ვალდებულებაც იქნება და მოვალეობაც“.
რეალურად კი ამ  „განსაკუთრებული რეგულაციების სტატუსის“, ანუ ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლა მერიას (საკრებულოს დახმარებით) ყოველ წამს შეეძლო.  ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარკვეული ტერიტორიისთვის  სტატუსის შეცვლის მიზნით, მერია მიმართავდა „ზონალურ საბჭოს“  და საბჭოს დასკვნის საფუძველზე, მიმართავდა საკრებულოს, რომელიც, თავის მხრივ,  დასტურს აძლევდა ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლას. ტერიტორიის სტატუსის დაქვეითება „სარეკრეაციო ზონა 3“–მდე, ავტომატურად გულისხმობდა ტერიტორიის გასხვისებისა და მასზე მშენებლობის წარმოების თავისუფლებას. მსგავსი პრეცედენტი მოხდა კიდეც წავკისში, რაზეც, დაწვრილებით, ქვემოთ ვისაუბრებთ. ამ პროცესებზე მთავარი მეტყევე, ლერი ჭოჭუა ვრცლად გვესაუბრა: „ 1999 წელს მიღებული ტყის კოდექსით, ტყის სტატუსი ძალიან კარგად იყო დაცული და ისე იყო განსაზღვრული კანონმდებლობა, რომ უპირველესი საკითხი იყო ტყეების  დაცვა, მოვლა და სარგებობა ისე, რომ არ დარღვეულიყო ეკოლოგიური წონასწორობა. ტყის ფართობი არ უნდა შემციერებულიყო, თუ განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული არ იქნებოდა   და, ასევე,  ტყის ფონდი პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა. აი,  ეს ძლიერი სტატუსი რომ მოეხსნათ, ამიტომ მიიღეს ის კანონი, რომლის მიხედვითაც ტყის ფონდიდან ეს მიწები ამოირიცხა. იმ კატეგორიაში,  რაშიც ის ჩარიცხეს (იგულისხმება ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ს.ქ.), თავისუფალი გარემოა და ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. პრივატიზაციაც შეიძლება და მოჭრაც. მათი საბაბი იყო ის, რომ უნდოდათ რეკრეაციული–საკურორტო ზონა განევითარებინათ. ეხლა გეტყვით ერთ უბრალო ამბავს: თბილისის შემოგარენის ირგვლივ, უზარმაზარ ტერიტორიებზე, კომუნისტური მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა მწვანე ზონა, რომელიც მიდიოდა სამხრეთით აზერბაიჯანის საზღვამდე, დასავლეთით ახალგორის რაიონამდე, ჩრდილოეთით თუშეთამდე, ხოლო აღმოსავლეთით საგარეჯომდე. ეს მოიცავდა  დაახლოებით 300 ათას ჰექტარს, სადაც  შენარჩუნების, დაცვის და მოვლის კუთხით ძალიან მკაცრი რეჟიმი იყო. ამ ტყეების მართვის გეგმაში,  არცერთი  პუნქტი არ იყო ისეთი, რომელიც კრძალავდა ტყის გამოყენებას საკურორტო მიზნებისთვის. იქ  სავალდებულოდაც იყო ჩადებული, რომ  საჭიროების შემთხვევაში, აშენებულიყო მცირე არქიტექტურული ფორმები, გაკეთებულიყო და კეთილმოწყობილიყო ბილიკები, წყაროები, ჩამოყალიბებულიყო ღია, გადასახედი ლანდშაფტები.  ანუ, ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ისინი ფიქრობენ,  რომ უნდა ჩაატარონ, აქაც იყო არათუ ნებადართული, არამედ სავალდებულო.  სატყეო დარგი  ამას ისედაც გააკეთებდა. ის ფორმა, რაც მანამდე არსებობდა, ამ ღონისძიებებს  არანაირად ხელს  არ უშლიდა ერთადერთის გარდა: გაყიდვა და პრივატიზაცია არ შეიძლებოდა.  ამდენად, ეს გადაწყვეტილება იყო მავნებლური.
რასაც ქმნიდა რუსეთის იმპერია საქართველოში, რასაც კომუნისტები ქმნიდნენ და გააკეთეს კიდეც, ის დამოუკიდებელმა და თავისუფალმა საქართველომ რატომ უნდა მოსპოს?! ტყის მოვლას განსაკუთრებული წესები აქვს, მას  მოვლით ღონისძიებათა ციკლი სჭირდება, და არა ერთეული შემთხვევები. ეს ერთიანი ორგანიზმია, ერთიანი ეკოსისტემა. საერთოდ, ნებისმიერი მიდგომა,  ნებისმიერი ბუნების ელემენტისადმი უნდა იყოს კომპლექსური და ინტეგრირებული. რაც უნდა ღონისძიებები განხორციელდეს, რომელსაც სისტემა არა აქვს, ეფექტური არ იქნება. სისიტემური ღონისძიებების გატარება კი მხოლოდდამხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ის  ტყის ფონდში იქნება.  მერიამ ამ ტყეებს  „მწვანე ნარგაობა“ უწოდა, მაგრამ ის ტყეა და ტყის სტატუსი უნდა ჰქონდეს, ტყის ყველა კანონი უნდა ვრცელდებოდეს მასზე.“  
 ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ თბილისის გარშემო ტყეების გაშენების ისტორია  იმ დიდი მნიშვნელობის დასადასტურებლად შეისწავლა, რაც თბილისის გარშემო ხელოვნურ ტყის მასივებს ენიჭება.  გთავაზობთ, „უსაფრთხო სივრცის“ მიერ  ჩატარებული იურიდიული კვლევის  ნაწილს: “მერიას არანაირი მნიშვნელოვანი პროექტი საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით არ წარუდგენია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განაპირობებდა სახელმწიფო სამეურნო ტყის ფონდიდან მიწების ამორიცხვას. არ ყოფილა  განმარტებული რას წარმოადგენს დედაქალაქის საკურორტო–რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელი პროექტის განხორციელებას აპირებს ამ ტერიტორიებზე ქ. თბილისის მერია და როგორ არის დაკავშირებული ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებთან. განკარგულება, რომლითაც მოხდა სატყეო ფონდიდან ფართობების ამორიცხვა ეფუძნება  ქ. თბილისის მერიის დაუსაბუთებელ მოტივაციას. არ არის გამოკვლეული და შესწავლილი სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის მიზანშეწონილობა.“ 
  „უსაფრთხო სივრცე“–მ ასევე გამოიკვლია ის  შედეგები, რაც  8106 ჰექტარი ტყის ტყის ფონდიდან ამორიცხვის შემდეგ დადგა.   ტყის ფონდიდან ამ ტყეების ამორიცხვის შემდეგად,   ტყის ნაწილი შ.პ.ს. „მედჯგუფ საქართველოს“ მიერაა პრივატიზებული. დღესდღეობით, მის საკუთრებაში 324890 კვ.მ მიწის ნაკვეთია აღრიცხული, რომლის უმეტესი ნაწილი, ერთ დროს, ტყის ფონდში ირიცხებოდა. ინვესტორის მიზნების შესაბამისად, ტერიტორიების ნაწილს ფუნქციური ზონა შეუცვალეს. მაგალითად: შ.პ.ს, „მედჯგუფ საქართველოს“ საკუთრებაში არსებულ 283357 კვმ მიწის ნაკვეთს, რომელიც  ადრე სარგებლობდა  ლანდშაფტურ სარეკრეაციო და სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსით,  მიენიჭა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი. სარეკრეაციო ზონა 3 თავისუფლად გულისხმობს ტერიტორიაზე მშენებლობის წარმოებას, როდესაც ლანდშაფტურ–სარეკრეაციო ზონის სტატუსი ყოველგვარ მშენებლობას კრძალავს. გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე ნორმა, რომელიც სარეკრეაციო ზონა 3–ში ხეების მოჭრას კრძალავს. ასევე, ირკვევა, რომ 2012 წელს საკურორტო კომპლექსის მშენებლობის და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით, ბუნებრივი ტყის კორომში, დაახლოებით 2ჰა ფართობზე,  ტყის პირწმინდა ჭრა ჩატარდა. გზის მონაკვეთის გარდა, საკურორტო კომპლექსის მიდამოებში, ჭრა ჩატარებულია, აგრეთვე ობიექტის მოპირდაპირე, ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარე ფერდობზე. დაახლოებით 2000 კვმ ფართობზე ნაკვეთი დატერასებულია.  ტყეკაფვის აღრიცხვის უწყისიდან ჩანს, რომ შპს „მედჯგუფ საქართველოს“ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე,  3152 ხე გაიჩეხა.“
 ტყის ფონდიდან ამორიცხულ 8106 ჰა. ფართობზე მოვლითი ღონისძიებების განსახორციელებლად გამოცხადებული ტენდერებიც ბევრ ხარვეზს შეიცავს (მაგ: კიკეთის და წყნეთის ტყეების მოვლა–პატრონობაზე გამოცხადებული ტენდერი  სასამართლოში გასაჩივრდა). „უსაფრთხო სივრცე“ მიმართავს გარემოს დაცვის მინისტრს, ხათუნა გოგალაძეს, გადაიხედოს თავის დროზე, სრულიად დაუსაბუთებლად მიღებული გადაწყვეტილება,  ტყის ფონდიდან ამორიცხული 8106 ჰექტარი ტყე ისევ ტყის ფონდს დაუბრუნდეს და  ტყეს ტყე ეწოდოს.
სოფიო ქორიძე