ჭადრებს ”ვორონცოვზეც” შეუტიეს ბეჭდვა

dscn4440

{youtube width="500" height="400"}be_c03W3wHg{/youtube}

ჭადრების განადგურება ამჯერად ”ვორონცოვზე” გაგრძელდა. ტოტებჩამოსხეპილ ხეებს თოკები ჩააბეს და ბენზოხერხებით, სულ რამდენიმე წუთში ძირში მოჭრეს უზარმაზარი,მრავალწლიანი ჭადრები. ყვითელჩაფხუტიანმა, თბილისის  მერიის გამწვანების თანამშრომლებმა ჯერ მორებად აქციეს ”გოლიათები”, მერე დაანაწევრეს და იქაურობა ისე მოასუფთავეს, კვალის კი არ დატოვეს ნაჭადრალი. სანაცვლოდ კი გულისტკივილი და მოგონებები დარჩა ბევრი :

 

საშა ცხვედაძე, 72 წლის. - აქვე ვცხოვრობ, ბავშვი ვიყავი, მტკვრის სანაპირო რომ გაკეთდა და გამწვანდა,  ეს ხეებიც მაშინ  დაირგო,  გული მწყდება, ისედაც ხალხმრავალი და ტრანსპორტით გადატვირთული უბანია, ეს ხეები გვშველოდნენ ზაფხულის სიცხეს გვიგრილებდნენ, აქაურობას ანიავებდნენ. რაღას დარგავენ, როდის გაახარებენ ახალ ნერგებს. რამდენი წელია ვითხოვ, ეზოში უზარმაზარი ხეები გაგვიკრიჭონ, საწვიმარი მილები ფოთლებით რომ არ გაიჭედოს და ვერავინ მოვიყვანე. აქაურობა კი 1 საათში გააშიშვლეს. მიადგებიან ახლა და ამ უძველეს სახლებს რაღაც უგემოვნო გუმბათებს დაახურავენ და ათასებს დახარჯავენ.

ლია ნიკოლაიშვილი, 65 წლის.- ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ჩვენ ამ ქალაქის მაცხოვრებლები ვართ და ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვისაც ეს მოეწონება. აი , ნახეთ, ამ გაჩერებაზე 5 წუთითაც ვერავინ გაჩერდება, ჩრდილი აღარსადაა მთელ აღმაშენებლის პროსპექტზე.ესაა ბოროტება და თავხედობა, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ვის რას უშლიდა ეს ხეეები?- მე ვიცი, ვისაც უშლიდა, საუბარში შუახნის ქალბატონი ჩაერთო-  ახლა ამ სახლებს ფერად-ფერადი საღებავებით შეთხაპნიან, დადაბერივით ფერუმარილს მიუსმ-მოუსმევენ  და მერე უფროსებს ჩამოატარებენ და აჩვენებენ, როგორ იზრუნეს აქაურობაზე და კარგად რომ გამოაჩინონ თავისი ”ზრუნვა”, ამ ხეებსაც იმიტომ ჭრიან, ეგენი წავლენ და ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ, ჰაერსაც აღარ გვიტოვებენ, რომ ვისუნთქოთ...

ამ დიალოგების ფონზე  მხერხავები თავიანთ საქმეს საგულდაგულოდ აკეთებდნენ და არანაირ კომენტარს არ გვაძლევდნენ, ვერავინ ვნახეთ ისეთი, ვინც მხოლოდ ერთ კითხვაზე გვიპასუხებდა- ვინ  განსაზღვრავს, რომელი ხე უნდა მოიჭრას და თბილისში ვინ იღებს გადაწყვეტილებას ჭადრების განადგურებაზე.