Safe Space Tbilisi

პარტნიორები


საქართველოს მთავარი მეტყევე: ტყის ფონდიდან ამორიცხული ტერიტორიებისთვის ტყის სტატუსის შეცვლა არ შეიძლებოდა ბეჭდვა ელფოსტა

2010 წელს თბილისის შემოგარენში არსებულ ტყის ტერიტორიებს სტატუსი შეეცვალა და ამ ტერიტორიებს მწვანე ნარგაობა დაერქვა. ამ ცვლილების შედეგებზე და ზოგადად ტყის მნიშვნელობაზე ჩვენ საქართველოს მთავარ მეტყევეს, ლერი ჭაჭუას ვესაუბრეთ.

"ტყის სტატუსის შეცვლა არ შეიძლებოდა. მერიაზე გადაცემაში ცუდი არაფერი არ არის. ეს მიღებულია პრაქტიკაში, რომ ტყეები შეიძლება იყოს სახელმწიფო საკუთრება, შეიძლება იყოს კერძო, ეკლესიის, მუნიციპალური, მაგრამ ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს, ყველაზე მოქმედებს ერთი კანონი. როდესაც გადაეცა მერიას, მაშინვე მოხდა სტატუსის შეცვლა და დაერქვა მას მწვანე ნარგაობა, – ამბობს თბილისის მთავარი მეტყევე ლერი ჭაჭუა.

 თავდაპირველად ლერი ჭაჭუა ზოგადად საუბრობს ტყის მნიშვნელობაზე. "აღიარებულია, რომ ტყეს აქვს ადამიანისთვის საციცოხლო მნიშვნელობა. რომ  მოვიშველიოთ ფრანგი მწერალი ეკზიუპერი, მას მხატვრული გამოთქმა აქვს: "სიცოცხლე არ არის წყლის გარეშე, წყალი არ არის ტყის გარეშე. მივდივართ იქამდე, რომ ტყე ადამიანისთვის საციცოხლო მოვლენაა.

პირველი – წყალი ასრულებს ნიადაგდაცვით ფუნქციას. ნიადაგის დაცვა ხდება ეროზიისგან და ჩამორეცხვისგან. ტყეები რომ არ იყოს  ფერდობები მთლიანად ჩამორეცხილი იქნებოდა, ჩვენ სახეზე გვაქვს ბევრი ადგილები სადაც ნიადაგი დეგრადირებულია, ჩამორეცხილია და ვეღარ აღდგება. მის აღდგენას შეიძლება დასჭირდეს უზარმაზარი თანხა და დრო. მიწა კიდევ ვიცით, რომ სასიცოცხლო მოვლენაა.

მეორე არის კლიმატის მარეგულირებელი. ტყეები ახდენენ კლიმატის რეგულირებას – საერთოდ რაც აუცილებელია ადამიანის არსებობისთვის – ეს რეგულირებაა. სხვა ფუნქციებთან ერთად ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ტყის მიერ – მცენარეების მიერ ხდება ჰაერში არსებული ნახშიროჟანგის შთანთქვა, რომელიც არის მავნებელი ცოცხალი არსებისთვის და მისი გარდაქმნა ჟანგბადად, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. ამავე დროს ჰაერიდან შთანთქული ნახშიროჟანგის გადამუშავების შედეგად მიიღება მერქან, რაც საჭიროა ადამიანისთვის.

მესამე ფუნქცია – წყლის მარეგულირებელი. ტყე რომ არ იყოს, ნალექი რაც მოდის ერთბაშად წამოვიდოდა ერთი საათის განმავლობაში, ჩავიდოდა მდინარეში, ორ საათში წავიდოდა და არ გვექნებოდა მიწისქვეშა წყლები, წყაროები და სასმელი წყლები. აი ეს სამი ძირითადი ფუნქცია, რომელიც აკისრია ტყეს – ეს არის სამი სასიცოცხლო ფუნქცია.

 

ბატონო ლერი, როდის დაიწყო თბილისის შემოგარენში ტყის გაშენება, ამ ტყეს რისთვის იყენებდნენ? ტყე სამრეწველო ფუნქციის მატარებელი იყო თუ  ეკოლოგიური მიზნით გაშენდა?

– ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, როგორც ლეგენდები გვეუბნებიან, ვახტანგ გორგასალმა რომ დაიწყო ქალაქის აშენება, მან დაიწყო ტყის გაჩეხვით, გაჩეხვით როგორ – ცუდი გაგებით კი არა – ადგილის გასათავისუფლებლად, ქალაქის გასაშენებლად. თბილისის შემოგარენში იმ დროს იყო ტყეები და იქნებოდა აუცილებლად, იმიტომ რომ მდინარე მტკვრის და მისი შენაკადების ხეობებში ჩადის ტყეები და ფერდობებზეც ტყეებია. შემდგომში ქალაქის ზრდასთან, გაფართოებასთან და მოსახლეობის ზრდასთან ერთად ხდება ტყის მასივების ათვისება – როგორც გასათბობად ისე საშენ მასალად.  ამ ხნის განმავლობაში თბილისის ირგვლივ კლებულობს ტყის საფარი. ამას ხელს უწყობდა დიდი შემოსევები. ხდებოდა ქალაქის აოხრება და ტყეების განადგურება. მით უმიტესედ ტყეები ხდიდა მტრისთვის მიუვალს დასახლებულ პუნქტებამდე და გზები უნდა გაეკაფა, ხეები დაეწვათ და გაენადრურებინათ. ყველაფერ ამის შედეგად მივიღეთ დაახლოებით ის, რასაც ახლა ვხედავთ. ამავე დროს ხდებოდა გარკვეული რაოდენობის გარკვეული მიზნებით ტყეების გაშენება. ისტორიულად ცნობილია – აქ სადაც ახლა ვართ, ორთაჭალაში – ცნობილია, რომ იყო ბევრი ბაღი, ეს იქნებოდა ხე–ხილის ბაღები თუ დასასვენებელი ბაღები. გარკვეული პრაქტიკა არსებობდა მწვანე ნარგავების შექმნისა – რა ფუნქციის და რა დანიშნულების იქნებოდა.

ინტენსიური ტყის გაშენების სამუშაოები  საქართველოში მე–19 საუკუნის 20 წლებიდან დაიწყო. მე–19 საუკუნის ნახევრიდან თბილისში ფუნქციონირებდა ბოტანიკური ბაღი, რაც  იმის ერთ–ერთ მაჩვენებლს წარმოადგენდა, რომ ტყის გაშენება საჭიროა, იქვე არსებობდა სანერგე, სადაც გამოყავდათ სხვადასხვა მერქნიანი სახეობის ნერგები და ხდებოდა მისი გამრავლება სხვადასხვა ადგილებში.

რა სახეობები იყო დარგული და რის მიხედვით არჩევდნენ მათ?

– ყველა ის სახეობა ფაქტიურად, რაც არსებობდა ბუნებაში, სხვადასხვა რაოდენობის, სხვადასხვა დანიშნულების. არჩევდნენ იმის მიხედვით – სად რა აჯობებდა. გარკვეულ პერიოდში – თუნდაც შუასაუკუნეეებიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა ხეების დარგვის დღესასწაული. ისე კი არა – უბრალოდ დარგეს და წამოვიდნენ. ეს იყო დღესასწაული. დღეები, როდესაც ხდებოდა ხოლმე მასიურად ხეების დარგვა. ინტენსიურად კი ეს 60–იანი წლებიდან დაიწყო. ამაში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მეცნიერებ და პრაქტიკოსები იღებდენ მონაწილეობას.  ეს გამოიწვია იმ საჭიროებამ, რომ როცა თბილისი გახდა მეფის რუსეთის დროს ამიერკავკასიის ცენტრი და აქ იყო თავმოყრილი როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული დაწესებულებები – მოკლედ ხედავდნენ, რომ ხშირი იყო თბილისის მიმდებარე  ფერდობებიდან წვიმების დროს ფერდობების ჩამორეცხვა, ეს ნატანები კეტავდა გზებს, იმდენად ბევრი იყო, რომ იტბორებოდა შენობა–ნაგებობები, და სხვას თავი რომ დავანებოთ პრაქტიკამ დააყენა საკითხი, რომ მომხდარიყო ფერდობების გაწყევება და ძალიან ინტენსიურად წავიდა ფერდობების გაწყევება.

ტყეების გაშენება ხდებოდა საბჭოთა პერიოდში – როგორც მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, ასევე ომის შემდგომ პერიოდში.

1947წლიდან –1964 წლამდე თბილისის შემოგარენში გაშენდა 4000 ჰეკტარი ტყე – და ეს ცოტა არ არის. დღეს – თბილისის მერიის მფლობელოობაში სულ არის 8000 ჰექტარი – წარმოიდგინეთ, რომ ამის ნახევრის გაშენება მოხდა. საერთოდ თბილისის შემოგარენში ინტენსიურად ხდებოდა ამ დროს ხეების გაშენება.

ეს სამრეწველოდაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო, თუ ხეების გაშენება მხოლოდ ეკოლოგიური ფუნქციის მატარებელი იყო?

– მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიური. მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო ამ ფერდობების დაცვის და კლიმატის დასასვენებელი თუ ლანდშაფტის გალამაზების – ესე იგი ამას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ არასამრეწველო დანიშნულება. თუ არალეგალური ჭრები იყო – ეს სხვა საკითხია. ისე დანიშნულება იყო ეკოლოგიური. ახლდა გარკვეული ნაკლოვანებები იმ დროს – შენდებოდა ძირითადად წიწვიანი – სადაც წავალთ ხელოვნური ტყეები რაც არის – მხოლოდ წიწვიანი სახეობისგან არის შემდგარი. იმ წიწვიანებში უმეტესობა იყო ფიჭვი და ისიც არ იყო ხშირად დაცული ფიჭვის სახეობები. თუ ხშირად ხდებობა ფიჭვის რომელიღაცა სახეობის დარგვა  – ცოტა მაღლა მთაში – ისეთი სახეობის, რომელიც მაღალ მთას ვერ იტანს, ან პირიქით , ზოგჯერ უფრო დაბლა, სადაც გვალვებია და ის გვალვას ვერ იტანს. ყოველშემთხვევაში რაოდენობრივად მაინც დიდი რაოდენობით გაშენდა. ეგ წესით უნდა იყოს ისეთ ადგილებში სადაც დასახლებული პუნქტებია. საერთოდ ყოველთვის მომგებიანია, რომ ტყე იყოს შერეული. ამას აქვს ის მნიშვნელობა, რომ დასახლებული პანქტების მიმდებარედ არის უფრო ხანძრის საფრთხე და ხანძრის საწინააღმდეგოდ შერეული ტყე უფრო მომგებიანია. წიწვიან ხეს ცეცხლი შეიძლება გაუჩნდეს, ფოთლოვანს – არა და ეს დაიცავს.

მავნებელი დაავადებები რომ გაჩნდება – თუ მარტო წიწვიანი იქნება – გაჩნდება ერთი მავნებელი და ეს წიწვიანი მთლიანად გახმება. მავნებლები, რომლებიც წიწვიან ტყეს ავნებს, ის ფოთლოვანზე არ მიდის და ამიტომ ფოთლოვანი მაინც დარჩება. სილამაზის მხრივ, ლანშაფტის სილამაზითაც  – მომგებიანია, როდესაც ტყე არის შერეული. მომავალში თუ იქნება გეზი აღებული (და უნდა იქნეს – თბილისის შემოგარენს ძალიან აკლია ტყეები) უნდა მოხდეს ტყის სხვადასხვა სახეობებით გაშენება.

რა სტატუსი და რა კანონი იცავდა ტყეს და ახლა შეცვლილია თუ არა მდგომარეობა?

– ყველა სახელმწიფო, რომელიც არის მიერთებული გარემოს დაცვის კონვენციას ან რომელიმე ხელშეკრულებებს გარემოს დაცვის საკითხებში – იქ ყველგან სავალდებულოა – უნდა დავიცვათ საერთაშორისო კანონები. ადრე ჩვენთან არსებული  და საერთაშორისო კანონები საკმაოდ იცავდა ტყეს. მითუმეტეს ქალაქების დასახლებული და სამრეწველო პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე სავალდებულო იყო, რომ უნდა ყოფილიყო ტყეები. იმათ ჰქონდათ ესეთი სტატუსი: მწვანე ზონის ტყეები, რომელსაც ერთი დანიშნულება ჰქონდათ – რაც შეიძლება მეტი უნდა ყოფილიყო მწვანე საფარი, და იქ სარგებლობა განხორციელებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობდა და არ ავნებდა იმ ძირითად ფუნქციას. ეს არის ტყის ფუნქცია. როდესაც ითქმებოდა, რომ ეს არის ტყე, ამას მოჰყვებოდა უამრავი საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლებშიც ყველგან გათვალისწინებულიყო მდგრადი მართვის პრინციპი. მდრგადი მართვა ნიშნავს ეკოლოგიურ წონასწორობას და შემდგომ ეკონომიურ და სოციალურ გამოყენებას იმ რაოდენობით, რომელიც ამ ძირითად ფუნქციას ზიანს არ მიაყენებს და პირიქით ხელს შეუწყობს.

ბატონო ლერი, ახლა ტყის სტატუსის მქონე რამხელა ტერიტორიაა დარჩენილი?

– ის რაც გაკეთდა მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი, ალოგიკური ქმედება. არ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რომ ტყეს შეეცვალა სტატუსი. ეს მოხდა 2010 წელს, როცა გადაეცა სამართავად მერიას. და მერიაზე გადაცემაში ცუდი არაფერი არ არის. პრაქტიკაში მიღებულია – ტყეები შეიძლება იყოს სახელმწიფოს საკუთრება, შეიძლება იყოს კერძო, ეკლესიის, მუნიციპალური, მაგრამ ვის საკუთრებაშიც არ უნდა იყოს, ყველაზე მოქმედებს ერთი კანონი. როდესაც გადაეცა მერიას, მაშინვე მოხდა სტატუსის შეცვლა და დაერქვა მას მწვანე ნარგაობა. მწვანე ნარგაობა არის კრებითი სახელი, რომელიც ნიშნავს ბაღს, პარკს, ხეივანს, ვენახს, გაზონს – ყველაფერს რაც დარგულია. და იმას ხომ ყველას თავისი სახელი, კანონი, ნორმა აქვს. ამდენად ტყისთვის ეს ისეთი დამცავი სტატუსის მოხსნაა, რაც ერქვა ტყე და მინიჭება მწვანე ნერგაობის სტატუსი, რაც არაფერს არ ამბობს და არფრით არ იცავს. და როცა ჰქვია მას ტყე, იმდენია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, რომ როდესაც კანონს დავიცავთ, ის იქნება დაცული იმ ფუნქციისთვის, რისთვისაც არის გამიზნული. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად. სხვანაირად ჩვენ ვერ დავიცავთ თბილისის შემოგარენში არსებულ ტყეს თუ არ დავუბრუნეთ მას ტყის სტატუსი და შემდგომ როცა ექნება ტყის სტატუსი (ეგ წერია ყველა კანონმდებლობაში – საერთაშორისო და ჩვენ კანონმდებლობაში) ტყის მოჭრა ამ შემთხვევაში როცა ის ტყე იქნება – დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სახელმწიფო აუცილებლობას წარმოადგენს. და თუ ეს საჭიროება იქნება ამას მოსახლეობაც და მეცნიერებიც გაიგებენ.

რატომ მოახდინა მერიამ ამ სტატუსის ცვლილება? გაიყიდა უკვე ეს ტერიტორიები?

– როცა არ იცი და ვიღაცას რაღაცა არ უნდა დააბრალო... ძნელია... მე სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ ჰქონოდათ თავისუფლება ამ საქმეში. ტყე მათ ზღუდავდა გარკვეული თავისი სასურველი ქმედების განსახორციელებლად. აქ კიდევ არსად არ წერია კატეგორიულად, რომ ეს მწვანე ნარგაობაა და ნუ მოჭრი. და იმის დამტკიცება რომ ეს აუცილებელია, როცა უნდათ, მაშინ ამტკიცებენ ამას. და როცა ის ტყე იქნებოდა, – და თუ კანონს დავარღვევდით ეს გამოჩნდებოდა. ტყე შეიძლება მოიჭრას მხოლოდ და მხოლოდ აუცილებელი სახელმწიფო მნიშვნელობის შემთხვევაში.

არის თუ არა გამოყენებული რაიმე მიზნისთვის ის ნაწილი და ტყის სტატუსის მქონე რამდენი დარჩა?

– ვერ გეტყვით, ეს ჩვენი აღრიცხვის სფეროს სცილდება. და ტყე რომ ყოფილიყო – ფაო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენთანაც სტატისტიკური სამმართველო ყოველწლიურად ითხოვს ინფორმაციას ყველა ტყის შესახებ. ჩვენთან რომ იქნება ტყე დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოსი თუ ვისიც არ უნდა იყოს, საეკლესიო, მუნიციპალური, ყველამ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. და ეს რადგან ტყე აღარ არის – სტატუსი არ აქვს – ეს ინფორმაცია არსად არ არის, ის მოაკლდა ამ ტყის ფონდს. ამ დინამიკას თუ აწარმოებს ვინმე ალბათ თავიანთი შიდა მოხმარებისთვის თუ აწარმოებს მერია.

ტყე სატყეო დეპარტამენტს უნდა დაუბრუნდეს?

– მეტყევები ამბობენ საერთოდ, რომ არიან კონსერვატორები, იმიტომ რომ ხე ნელა იზრდება, შედეგები ცოტა გვიან დგება და ამიტომ ხასიათიც გვიყალიბდება ესეთი და ვიტყოდი, რომ ვიქნებოდი კონსერვატორი. ყველა ხე უნდა იყოს ერთ მმართველობაში. ჩვენ არ გვაქვს იმდენად  ბევრი ხეები. 3 მილიონი ჰექტარიც არ არის, თან იქიდან ნახევარი დეგრადირებულია. რომ იყოს გარკვეულ შემთხვევაში კერძო საკუთრებაში, რომელიც პატარა ფრაგმენტებად არის სადღაც რაღაცა დასახლებული პუნქტების, ეზოების მიმდებარედ. მაინცდამაინც დიდი მომხრე არ ვარ კერძო საკუთრების.

თუ თბილისის ტყეებზე იქნება ლაპარაკი, საჭიროა თუ არა ცალკე თბილისის ტყის მართვის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს?

– საერთოდ უნდა იყოს ასე, გააჩნია, რომ იქნება სხვა მმართველობაში - ეს საკუთრება არ იქნება, ამ შემთხვევაში ტყე  მერიის მართვაში იქნება, საკუთრება კი იქნება სახელმწიფოსი. იმის მიხედვით, თუ რამდენია ტყეების ფართობი უნდა არსებობდეს რაღაც ფორმის და შინაარსის ერთეული, რომელმაც უნდა მართოს ეს. ტყე სპეციალისტებმა უნდა მართონ. კანონები იქნება საერთო. რაღაცა სამსახური უნდა ჰქონდეს მერიას, რომელიც იქნება დაკომპლექტებული სპეციალისტებისგან.

მაგრამ ალბათ სასურველია, რომ ტყე  სამართავად ტყის მართვას დაუბრუნდეს...

– კი ბატონო , იმიტომ რომ თუ სააგენტო მართავს დღეს 2 მილიონამდე ჰექტარ ტყეს, არ გაუჭირდება ის რომ ის 8000 ჰექტარიც იყოს ამაში და რომ ამ ტყეებს უფრო განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. დღეს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, მგონი, თბილისშია თავმოყრილი და აქაურ ტყეებს თუ უფრო სათუთად მოვექცევით და უფრო მეტად ვიზრუნებთ მის მოვლა–პატრონობაზე - გაუგებარი და ულოგიკო არაფერი იქნება.

სტატუსის შეცვლამდე ვინ და როგორ მართავდა ამ ტერიტორიებს?

– ამ ცვლილებამდე ტყე შედიოდა სააგენტოს შემადგენლობაში - სააგენტოს აქვს მერე სტრუქტურები რეგიონალური - ეს იყო ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სტრუქტურები. შემდგომი სტრუქტურები იყო - სატყეო მეურნეობა, შემდეგი - სატყეო უბნები. ეს არის მართვის ერთეულები. ეს მართვის ერთეულები, როგორც არსებობდა დანარჩენ ტყეებში, რომელიც იყო, ვთქვათ, მცხეთის, ქარელის, ყვარლის ან ზუგდიდის ერთეულები. მოკლედ იყო სატყეო ერთეული და იმართებოდა როგორც ცენტრალური და რეგიონალური არხებით, ასევე ადგილობრივი ერთეულებით, მაგრმა სტატუსი ჰქონდა მას განსაკუთრებული - მწვანე ზონის სტატუსი.

ცვლილებები ხდებოდა - თბილისის შემოგარენში არსებული ტყეები იყო ერთი პერიოდი ერთ - თბილისის სატყეო მეურნეობაში, იყო ერთი პერიოდი, რომ გაიყო და იყო თბილისისა და გარდაბნის სატყეო მეურნეობებში, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლიდა , უბრალოდ იყო სხვადასხვა მეურნეობაში.

ალბათ ნორმები არსებობდა, რამდენი ადამიანი იყო საჭირო ტყის მოსავლელად?

ყველაფერი არსებობდა. ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა დეტალური ინვენტარიზაცია და კეთდებოდა მართვის გეგმა. არსებული ადგილობრივი სამამულო და სერტაშორისო გამოცდილების საფუძველზე და იქ ამ ფუნქციონალური გამოცდილების შესაბამისად იყო დაგეგმილი ყველა ღონისძიება. სად უნდა დაირგოს, სად უნდა მოვლა ჩატარდეს, სად უნდა გამოიხშიროს - აქ ტყეების მოვლისთვის  ყველაფერი იყო გათვალისწინებული, ფართობების გაზრდის და მისი სასარგებლო ფუნქციების ხელისშეწყობის მიზნით. ყველაფერი  მართვის გეგმაში იყო გათვალისწინებული და ყველა ის სამუშაოები ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა.

ახლა როგორ არის?

დაცვა, ყველაფერი - ის ერთიანი დოკუმენტია, იქ ყველაფერია გათვალისწინებული. მოვლა, აღდგენა, დაცვა...

ახლაც ასე ხდება? 2013 წლის დეკემბერში ცვლილება შევიდა, რომ ტაქსაცია ტყის მოვლის აუცილებელი საფუძველი არ არის. სიტყვა ტაქსაცია არის ამოღებული იმ წესიდან. შეიტანეს ცვლილება, რომ ნებისმიერი კვლევის საფუძველზე ან სტიქიური უბედურების, ან სხვა რაღაის საფუძველზე შეუძლიათ ჭრები დაიწყონ.

გასაგებია... როცა გააკეთეს ის, რომ სტატუსი შეიცვალა, ამის მერე ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ ზოგადად რა სიდიდის არ უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში ტყეები – ძირითადი მიმართულებები – ყველგან ერთია, გარკვეულ მეთოდებშია განსხვავება. ყველგან მთავარი არის ის, რომ უნდა არსებობდეს მართვის გეგმა მართვის – გეგმა დეტალური ტაქსაციის საფუძველზე და აკრძალულია ყველა ქვეყანაში მართვის გეგმის გარეშე ღონისძიებების ჩატარება. თუ იქ არ დადასტურდა ის, რომ მართვის გეგმის გათვალისწინებული ღონისძიებები არ შეესაბამება რეალობას - ეგ შეიძლება იყოს იმიტომ, რომ რაღაცა ვერ განისაზღვრა სწორად, მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება ისევ მართვის გეგმის კორექტირება. იქ შედის ცვლილება, თუ რაღაც ესეთი იქნა აღმოჩენილი. ასე რომ მართვის გეგმის გარეშე ტყეების მართვა მსოფლიოში არ სად არ არსებობს. და ეს არის, როგორც გითხარით, როცა ამას მწვანე ნარგაობა დაარქვეს. მართვის გეგმაში, კანონებში  სხვა საკითხებთან ერთად წერია, რომ თუ მოხდა რამე სტიქიური უბედურება ( ის მართვის გეგმაში ხომ არ იქნება, წინასწარ ხომ არ ვიცით ამის შესახებ) ამ შემთხვევაში ხდება გამოკვლევა, გამოიყოფა კომისისა, რომელიც ზუსტად დაადგენს ფართობს და იმ კონკრეტული შემთხვევისთვის ზოგადად არსებული წესების მიხედვით დაგეგმავს თუ რა ღონისძიებები იქნება საჭირო.