Safe Space Tbilisi

პარტნიორები


საჯარო ინფორმაციის მოპოვება ელექტრონულად ბეჭდვა ელფოსტა
სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია  ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა. საქართველოში ელექტრონული  სისტემის შემოღების შედეგად,   ინფორმაციის საჯაროობის  უზრუნველყოფის  მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა საიტები, საიდანაც ინფორმაციის მოძიება, ყველა მსურველს მარტივად შეუძლია. ესენია: tas.ge -თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტი; spa.ge -  ელექტრონული ტენდერების საიტი; napr.gov.ge საჯარო რეესტრის საიტი. იმისათვის, რომ საზოგადოება  ჩართული იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  საკითხების გადაწყვეტაში, აუცილებელია მან იცოდეს საჯარო ინფორმაციის მოპოვების წესები. ჩვენი ორგანიზაციის ერთერთი ამოცანაა სწორედ მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფაა.  სამწუხაროდ, საზოგადოების  დიდი ნაწილი არ სარგებლობს საჯარო ინფორმაციის მოპოვების ელექტრონული სისტემით და ამის მიზეზი სწორედ იმ ელემენტარული წესების არცოდნაა, რასაც ამ და რამდენიმე მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.
ნაწილი #3: როგორ მოვიპოვოთ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია?
 
სტატიაში  „როგორ მოვიპოვოთ საკადასტრო კოდი“,  ჩვენ  საჯარო რეესტრის ელექტრონული ბაზიდან უძრავი ნივთის შესახებ ამონაწერის ამოღება უკვე ვისწავლეთ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მეშვეობით, თავისუფლად შეგვიძლია  იმ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის გაგება, რომლის შესახებაც ინფორმაცია გვაინტერესებს. ამონაწერში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ნაკვეთის მესაკუთრის ID                       ( საიდენტიფიკაციო კოდი),  როგორც ეს ქვემოთ მოცემულ სურათზეა აღნიშნული. ამის შემდეგ, შევდივართ საჯარო რეესტრის  საიტზე napr.gov.ge და მთავარი გვერდის დაბლა, მარჯვენა კუთხეში ვპოულობთ ჩანაწერს  „ბიზნესი“.  მასზე დაკლიკების შემდეგ,  გამოჩნდება საძიებო ფანჯარა 3 საძიებო ზოლით: პირველში ვწერთ ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდს (თუ ვიცით),   მეორეში ორგანიზაციის დასახელებას  და მესამეში სამართლებრივ ფორმას (იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს ეს ორგანიზაცია: შ.პ.ს.–ს, ა.ა.ი.პ–ს თუ სხვ.). ვაკლიკებთ ღილაკს „ძებნა“.
საიდენტიფიკაციო კოდის ჩაწერის შემთხვევაში, სისტემა მხოლოდ ერთ  ჩანაწერს ამოაგდებს (რადგან ყველა ორგანიზაციას ინდივიდუალური, უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი აქვს), ხოლო თუ მხოლოდ ორგანიზაციის სახელი და სამართლებრივი ფორმა ვიცით, არსებული ვარიანტებიდან ჩვენთვის სასურველი უნდა ავარჩიოთ.  სასურველ ვარიანტზე  დაკლიკების შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, რომელიც ორგანიზაციის დაარსების და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ ყველა ინფორმაციას მოიცავს. ჩამონათვალში პირველი განცხადება, როგორც წესი, ყველაზე ახალია.  სასურველ განცხადებაზე დაკლიკების შემდეგ, კიდევ ერთი ფანჯარა ჩნდება, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ რის შესახებაა  ეს განცხადება და, ასევე, განახლებული ამონაწერი რეესტრიდან, რომელშიც, განცხადების საფუძველზე, უკვე შეტანილია გარკვეული კორექტირება.
იმედია, ჩვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას წარმატებით გამოიყენებთ თქვენთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის მოპოვებისთვის.