Safe Space Tbilisi
პარტნიორები
ალვის ხეების გამო ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები | ||
„სანამ ცოცხალი ვარ ამ ხეებს არ მოვაჭრევინებ!“ სამწუხაროდ, ხშირი და ტიპური შემთხვევა
ჩვენი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე დარეკა აღელვებულმა ქალბატონმა ვალია ბრეგვაძემ, რომელმაც შეგვატყობინა, რომ ვაჟა ფშაველას მეოთხე კვარტალის მეათე კორპუსის ეზოში მყოფ ალვის ხეებს მოჭრის საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, იმ კორპუსშივე მცხოვრები თენგიზ შიოშვილი მათ მოსაჭრელად ხელმოწერებს აგროვებს და ამას პირადი გამორჩენის მიზნით აკეთებს. „უსაფრთხო სივრცე“ ორგანიზაციის ექსპერტ–ბოტანიკოს ნინო ბურკაძესთან ერთად ადგილზე მივიდა და ვითარებაში გარკვევას შეეცადა. მეათე კორპუსთან მისულებს ქალბატონი ვალია შემოგვეგება, რომელმაც ალვის ხეები გვაჩვენა. ვნახეთ ბატონი თენგიზის მიერ შემოკავებული, დაახლოებით 25 კვადრატული მეტრი ნაკვეთი, რომელშიც 3–4 ძირი მოჭრილი ალვის ხე ფიქსირდება. ამ ნაკვეთზე სხვადასხვა ხეხილი და ბაღჩეული კულტურაა გაშენებული. ნაკვეთი შემოკავებულია და კარებს ბოქლომი ადევს. იქვე ახლოს, მეორე ნაკვეთიცაა, ისიც თენგიზ შიოშვილის მიერაა შემოკავებული და შიგნით ვაზია გაშენებული. ვალია ბრეგვაძე :ეს სახლი 1961 წელს აშენდა. ეს ნერგები,შემოსვლისთანავე, აქაურმა მაცხოვრებლებმა დარგეს. მე პირადად, ისე ვუფრთხილდები, ყოველი ხის მოჭრაზე ნერვები მაწყდება. ჩამოვდივარ, ვყვირი, ვჩხუბობ, მოსაჭრელად მოსულები რამდენჯერმე უკან გავაბრუნე. პირველ სართულზე ცხოვრობს მეზობელი, რომელიც 20 წლია ამ ხეებს ემტერება. ვედავები არაფერი არ გამომდის. ტყე იყო აქ, ტყე, ხედავთ ახლა აქ ხეებს? აღარ არის. ეს ნაკვეთი, რომელიც შემოკავებულია,ამ კაცმა შემოაკავა და ბოსტანი გააშენა. იქაც იდგა დიდი ალვის ხეები. ხომ ხედავთ, მოჭრილია. თბილისის მერიას არ მოუჭრია, თვითონ ანადგურებდა, ახმობდა და ჭრიდა. ათასი საშუალება არსებობს ხის გახმობის: გვარჯილას დაასხამ – გახმება.ვაპატიეთ ეს– გააკეთა, გააკეთა. ახლა ამ ხეების მოჭრაზეა გადაკიდებული. ამბობს, რომ მოსაჭრელია, დამპალია, მეშინია – შვილიშვილი ვერ გამომიშვია გარეთო. გუშინ მეზობლებთან დადიოდა ხელმოწერების შესაგროვებლად , განცხადებაჰქონდა დაწერილი, რომ თურმე,მისი „ნაკვეთის“ გარშემო ხეები ავარიულ მდგომარეობაშია. აქ გყავთ სპეციალისტი, მე თვითონაც განათლებით მცენარეთა დამცველი ვარ, რომელია აქ გამხმარი ხე? რომელიც არის კი ბატონო – მოჭრას, ვინ უშლის. მოსახლეობის ნაწილი მის ჭკუაზე ჰყავს გადაყვანილი, უმრავლესობას, რათქმაუნდა, ამ ხეების მოჭრა არ უნდა. ზოგი ხათრით უწერს ხელს. თვითონ ისეთ განცხადებას წერს, რომ წაიკითხოთ, თქვენც ხელს მოუწერთ. გამხმარი ხეებია, წაიქცევა, ბავშვები თამაშობენ და თავზე დაეცემათო და ასე შემდეგ. ცოტა ხნის წინ ძლიერი ქარი იყო აქ, რომელიმე წააქცია? სანამ ცოცხალი ვარ, ამ ხეებს არ მოვაჭრევინებ! – რა ინტერესი აქვს, თქვენი აზრით ბატონ თენგიზს? რატომ სურს ამ ხეების მოჭრა? - ის ინტერესი აქვს, რომ აქ ბაღი აქვს გაშენებული, იქით – ვენახი. ვენახს 20 წელიწადია აშენებს, აშენებს და ვერ გააშენა, ეს ხეები უშლის, მზეს უჩრდილავს. არ ხარობს ვენახი. ამიტომაც უნდა ხეების მოჭრა. ჩვენ ბატონ თენგიზ შიოშვილსაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, მან მხოლოდ ექსპერტები მოითხოვა იმის დასადგენად, ეს ხეები რამდენად ჯანმრთელია. თენგიზ შიოშვილი: 25 წელია რაც აქ ვცხოვრობ,ნაგვით სავსე იყო ეს ადგილი.4 წლის წინ , კორპუსის მაცხოვრებლებს შევთავაზე გაგვესუფთავებინა აქაურობა და მოსასვენებელი ადგილი გაგვეკეთებინა. ვეხვეწე ყველას და არავინ მომეხმარა. ეს ადგილი რომ გადავბარე, ნახევარი ტონა ქვა გავიტანე. გავასუფთავე, მოვაწესრიგე და დღეს ამ ბაღში ბავშვები ისვენებენ. ღამე ვკეტავ იმისათვის, რომ არ შემოვიდეს აქ უცხო პიროვნება და ზიანი არ მიაყენოს. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ინვენტარი მაქვს. დღისით, ჩვეულებრივ ღიაა. ეს ხეები რაც აქ მოჭრილია, თვითონ გამგეობამ მოჭრა. ახლოს მიდით და ნახეთ რამხელა ფუღურო აქვს ამ გადანაჭერს, ეს დაიჭერდა იმხელა ხეს? რაც შეეხემა ამ ხეებს, რაზეც დღეს არის საუბარი, მე არავისთვის მითქვამს მიდი და მოჭერი მეთქი. მე განცხადებაში დავწერე შეამოწმეთ, თუ არის მოსაჭრელი, მოჭერით, თუ არადა დატოვეთ–მეთქი. თუ გადასაბელია, გადაბელონ, მოჭრის ინტერესი არ მაქვს და არც განცხადებაში არ დამიწერია. ვალიამ იცის თავად, მეწერა მოჭრა? ვალია ბრეგვაძე:მერე რა, რომ გადაბელვა გეწერა. რამდენი გადაბელე აქ და ვარჯი რომ ამოიყარა, ის ვარჯები ჩამოყარე. ჩემი თვალით ვხედავდი. თენგიზ შიოშვილი:ის გაფუჭებული იყო ქალბატონო და იმიტომ. აღარ ამოიყარა მერე და რა ვქნა მე. ამ ხეების მოჭრა არ დამიწერია, მე ვთხოულობდი და ვთხოულობ სპეციალისტს რომელიც დაადგენს მის საშიშროებას. 50 წლის ასაკის ხეებია უკვე, ზოგიერთი ისეთი პროცენტითაა გადახრილი, რომ მისი წაქცევაა მოსალოდნელი. გარშემო ავტომანქანები, გარაჟებია, უამრავი ბავშვი თამაშობს მის ქვეშ. აი ეს ხე, მაგალითად. ალვის ხე არის ცოტა რთული ხე, ამან თავის სიმაღლეს უკვე მიაღწია. მე მხოლოდ სპეციალისტი მოვითხოვე, ხელი არცერთ ხეზე არ დამიდია. დავწერე, მოსულიყვნენ და შეემოწმებინათ რომელი რას ექვემდებარება. ჩვენმა ექსპერტმა ნინო ბურკაძემ შემოღობილ ტერიტორიაზე მდგარ ხეზე ნაჯახის კვალი აღმოაჩინა. როდესაც ამის თაობაზე ბატონ თენგიზს ახსნა–განმარტება მოვთხოვეთ, მან ასე გვიპასუხა: „ ეს სპეციალურად მოვსინჯე რათა მენახა გაფუჭებული იყო თუ არა. აი, აქ უკვე დაავადება დაწყებულია, გარედან არაფერი ეტყობა, მაგრამ გაფუჭებულია. ის მოჭრილი, ფუღუროიანი ხეც თავიდან ასეთი იყო. დარწმუნებული ვარ, ამასაც ექნება ფუღურო. იმ ხეზე დავარწმუნე გამგებლის მოადგილე და მართლაც ჰქონდა ფუღურო, ამაზეც ასე ვარ დარწმუნებული. ხეს ვრგავთ იმიტომ, რომ ვისიამოვნოთ. თავზე კი არ უნდა დაგვეცეს. ხეების შეფასება ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტ–ბოტანიკოს ნინო ბურკაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, ხეები სრულიად ჯანმრთელია.
ნინო ბურკაძე (ექსპერტ ბოტანიკოსი): „ახალგაზრდობისას მე ამ უბანში ვცხოვრობდი და ეს ხეები ახლადდარგული იყო. 50 წლამდე ასაკის იქნება. თითოეული ხე აბსოლუტურად ჯანმრთელი და ჯანსაღია, ვარჯი ძლიერადაა განვითარებული. შეიძლება ქარის დროს რამდენიმე ხმელი ტოტი მოტყდა, თუ ეს ჰქონდათ მხედველობაში, მაგრამ ეს აუცილებლად მოსაშორებელი იყო. ამ ეტაპზე ხეები ჯანმრთელი და უვნებელია. მოსახლეობისათვის არავითარი ზიანის მომტანი არ არის. პირიქით: არაჩვეულებრივ ჩრდილს ქმნის. მართალია ალვის ხეა, მაგრამ არ არის ალვის ხის ის სახეობა, რომელიც ალერგიულ ფონს ქმნის. მე პირადად, ამ ხეების მოჭრას ვეწინააღმდეგები, რადგან თითოეული მათგანი ჯანმრთელია. გარდა იმისა, რომ ჟანგბადის წყაროა, ქარსაცავის ფუნქციასაც ასრულებს. შიგადაშიგ, 1–2 გამხმარი ტოტი აქვს, მაგრამ მერიის სამსახურს შეუძლია მანქანა მოიყვანოს და ეს ხმელი ტოტები მოჭრას. ფესვთა სისტემა საკმაოდ ძლიერი აქვს და ამ ხეებს ფესვებიდან ამოვარდნის და გადაყირავების არანაირი საშიშროება არ არის.“
მისასალმებელია, როდესაც ადამიანს მიწაზე მუშაობის სურვილი უჩნდება, მაგრამ ქალაქის გამწვანებას სხვა წესები აქვს. ქალაქისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია უნაყოფო ალვის ხე, რომელიც ქარსაცავის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე ბოსტანი, რომელიც იგივე ფუნქციას ვერ შეასრულებს. გარდა ამისა, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ალვის ხე ჩვენი დროის უმწვავეს პრობლემას – გარემოს დაბინძურების ეფექტს მნიშვნელოვნად ამცირებს. მრავალი ქვეყანა მუშაობს ამ ხის ჯიშის გაუმჯობესებაზე. ქართულ ინტერნეტ–სივრცეში ალვის ხის შესახებ ვერაფერი ვიპოვეთ, მაგრამ სხვაგან ვკითხულობთ, რომ ალვის ხეების სწრაფი ზრდა 40–დან 60 წლამდე გრძელდება, რის მერეც ნელდება. ზოგიერთი სახეობის სიცოცხლის ხანგძლივობა 120–150 წლამდე აღწევს, ხოლო საშუალოდ ხე 60–80 წელს ცოცხლობს. სამწუხაროდ, ჩვენთან როგორც სახელმწიფომ, ასევე მოსახლეობამ ეს ხეები უსამართლოდ აითვალისწუნა. ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით, რათა მკითხველმა ქალაქის გამწვანებაში ალვის ხის მნიშვნელობა კარგად გააცნობიეროს.
|