საპროტესტო აქციები ბეჭდვა ელფოსტა

როგორც ავღნიშნეთ სტატუსის  შეცვლას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 16 ოქტომბერს  ტყე-პარკში  აქცია ჩაატარა „ალიანსმა საქართველოსთვის“.  4 მაისს  იგივე ტერიტორიაზე, იგივე მოთხოვნით „თავისუფალი დემოკრატიის“ წარმომადგენლებიც შეიკრიბნენ. 

 2010 წლის 29 ივლისს კიდევ ერთი აქცია გამართა  თინა ხიდაშელმა და სოფიო ხორგუანმა. „რესპუბლიკელების“ განცხადებით: „თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფართობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის №10–24 გადაწყვეტილებასთან წინააღმდეგობაში მოდის. ინტერაქტიულ რუკაზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა დაახლოებით 8 ჰა ფართობზე არსებობს, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს ზონა 1 ჰა-თი განისაზღვრა. მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, გამოაქვეყნოს ის სამართლებრივი აქტი, რომლითაც ეს ცვლილება განახორციელა, ასევე მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, როდის და რა სახის სამშენებლო სამუშაოები იგეგმება დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ტერიტორიაზე".

იმავე წლის 23 სექტემბერს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოსა“ და კავკასიის გარემოსდაცვითი არსამთავრობო ორგანიზაციების   ქსელის  (CENN) დაფინანსებით კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა ხუთი ორგანიზაციის მონაწილეობით: CENN, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სტუდია „მონიტორი“, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავკასიური სახლი. აქციას ესწრებოდნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.  „მონიტორი"-ს ფილმის ჩვენება აქციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.  ჟურნალისტურ  გამოძიებაში საუბარია, თუ როგორ დაკარგა ტყე-პარკმა თავისი ფუნქცია და სტატუსი სახელმწიფო გადაწყვეტილებების წყალობით.

„ჩვენი ფონდი გამოეხმაურა რამდენიმე აქტიური და სასიამოვნო ადამიანის, უპირველეს ყოვლისა - ანა გაბრიაძის, მასთან ერთად კი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივას. ესაა ახალი კამპანია დიღმის ტყე-პარკის გადასარჩენად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯერჯერობით არსებობს უმნიშვნელოვანესი ტყე-პარკი არა მხოლოდ დიღის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი თბილისისთვის. აქ არაერთი უნიკალური მცენარეა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ესაა არაჩვეულებრივად სასიამოვნო გარემო ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვცადოთ და არ დავუშვათ მისი დანაწევრება ცალკეულ საქმიან ზონებად თუ საცხოვრებელ ადგილებად. უნდა ვცადოთ და გადავარჩინოთ ის მაინც, რაც ამ ტყე-პარკისგან დარჩა“, - განაცხადა აქციის მონაწილე,  ფონდ  „ღია საზოგადოება -საქართველოს“  დირექტორმა ქეთევან ხუციშვილმა. 

2010 წლის  21 მაისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ხიდაშელმა პროკურატურაშიც შეიტანა განცხადება, მაგრამ მას გამოხმაურება არ მოჰყოლია.