Safe Space Tbilisi

პარტნიორები


იპოდრომი - წარსული მომავლის გარეშე, მომავლის იმედად ბეჭდვა ელფოსტა

კახა ცხვედაძე
ჩვენ ვესტუმრეთ თბილისის ძველ იპოდრომს. მზიანი, მშვიდი დილა იყო, მაგრამ, თითქოს, ცუნამმა გადაუარაო, ძველისძველი აბრები, ნანგრევები და გამხმარი ხეებიღა დაგვხვდა  შემორჩენილი. იპოდრომის შემოსასვლელში უზარმაზარი დასრულებული საცხოვრებელი სახლი დგას, ყოფილი საცხენოსნო სკოლის ტერიტორიაზე კი უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან უზარმაზარი მარადმწვანე ხეები გაუჩეხავთ და პირქუში ბეტონის ახალი გალავანი აუშენებიათ, რომლის შიგნითაც სამიოდე მეტრის სიმაღლის ახალდარგული ნერგები მოჩანს.


  ირგვლივ ყველაფერი მშვიდად გამოიყურება: ხალხი მშვიდი სახით სეირნობს, ბავშვები დარბიან, თამაშობენ, ახალგაზრდები ვარჯიშობენ, მაგრამ გარემო მაინც უცნაურია - ცხენები არ ჩანან...
    მეგონა, ცხენებს აქ ვეღარასდროს ვნახავდი, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, დანგრეული, შუშებდამტვრეული შენობის წინ რამდენიმე ახალგაზრდა შევნიშნე. როგორც აღმოჩნდა, ისინი იმ ათიოდე სპორტული ცხენის მომვლელები იყვნენ, რომლებიც ჯერ კიდევ შერჩენოდნენ ამ მიდამოებს და ვერ თმობდნენ. მათ შეგვიპატიჟეს თავლაში და სხვადახვა სახეობისა და ხასიათის სპორტული ცხენები გაგვაცნეს, რომლებსაც მალე ლისის იპოდრომზე გადაიყვანენ... მხოლოდ ეს ცხენებიღა შემორჩა ძველ იპოდრომს, დანარჩენები კი უკვე ლისის იპოდრომზე არიან, -   იქ, სადაც ქარია, უფრო ტენიანი ჰაერი და იქ, სადაც ცხენები კომფორტულად ვერ იგრძნობენ თავს. ახალგაზრდებმა გვაჩვენეს, თუ როგორ ავარჯიშებენ ცხენებს, ამის შემდეგ კი მთავარი წრისაკენ გადავინაცვლეთ.  დიდი წრის ნაწილი უცნაურ სანერგედ დაგვხვდა ქცეული, რომელსაც ორი მამაკაცი დარაჯობდა. იპოდრომის ეს გამწვანებული ადგილი, თითქოს, თავისი არსებობით უპირისპირდება მასიურ მშენებლობებს. წრის ბოლოსკენ კი, მაყურებელთა ტრიბუნების მაგივრად ბეტონის უგვანო ნანგრევებიღა შემორჩენილიყო, რომლის გვერდითაც მოზრდილი ხეების მასივის ნაცვლად ბულდოზერები დგას - აქ ხომ გზა გაჰყავთ, ზედ შუა ტყეზე და იპოდრომზე. ეს გზა გმირთა მოედანი-თამარაშვილის შემაერთებელი მაგისტრალიდან გამოჰყავთ და იპოდრომის წრეზე გაივლის. ახლა ხეები გაჩეხილია და კლდეში გვირაბს ჭრიან...
     იპოდრომმა ფუნქცია დაკარგა. ახლა ის გრანდიოზული მშენებლობებისათვის ემზადება...